მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სიმამაცისა და გმირობის განსახიერებები არიან. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის გამარჯვებულების დაჯილდოება იმართება.
„მზიას ბრძოლა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის შუქურად დგას ყველა მათთვის, ვინც თვლის, რომ თავისუფლება და ღირსება არასდროს უნდა დანებდეს. ეს პრიზი მათთვისაა. მათი ხმა კვლავაც ისმის მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, მათი გაჩუმების ყველა მცდელობის მიუხედავად“, - აღნიშნა მეცოლამ.
მისი თქმით, ევროპარლამენტი არასდროს შეწყვეტს იმ პოლიტიკური პატიმრების, იმ ჟურნალისტების უპირობო თავისუფლების დაცვას, რომლებიც უბრალოდ თავიანთი სამუშაოს შესრულების გამო არიან დაკავებულნი.
„მივმართავ ყველა იმ ქართველს, ვინც თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს, ეს პარლამენტი მტკიცედ დგას თქვენს გვერდით და ჩვენ ამას ვადასტურებთ ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენს განცხადებებში იმ საქმიანობაში, რომელსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროპასთან რაც შეიძლება ახლოს იყოს, როგორც ის იმსახურებს და როგორც მისი ხალხი იმსახურებს“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.