ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტს შეესაბამება.
ინფორმაციას უკრაინული მედია ნორვეგიის მთავრობის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქციები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და, კერძოდ, ენერგეტიკის, ფინანსურ და კრიპტოსექტორებს ეხება. პაკეტი ასევე ითვალისწინებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას და იმპორტსა და ექსპორტზე შეზღუდვების გაფართოებას.
ახალი ზომები ფართო შეზღუდვებს აწესებს, მათ შორის რუსეთის ბანკების, ნავთობის სექტორის, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მომსახურებების, „ჩრდილოვანი ფლოტისა“ და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ.
სანქციების მიზანია რუსეთის ეკონომიკაზე და უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებისა და დაფინანსების შესაძლებლობაზე დამატებითი ზეწოლის განხორციელება.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის სანქციების ქვეყანაში ამოქმედებისთვის ნორმატიულ აქტებში უკვე შეიტანა შესაბამისი ცვლილებები. სანქციები ძალაში 2026 წლის 21 ოქტომბერს შევა.