შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია BBC-ს ცილისწამებისთვის უჩივის და 5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.
როგორც იუწყებიან, ტრამპის ადვოკატებმა სარჩელით უკვე მიმართეს მაიამის ფედერალურ სასამართლოს. ზოგიერთი ცნობით, ტრამპი 10-მილიარდიან კომპენსაციას ითხოვს.
სარჩელში ნათქვამია, რომ BBC-მ დაარღვია ფლორიდის კანონი, რომელიც კრძალავს არაკეთილსინდისიერ სავაჭრო პრაქტიკას.
საუბარია BBC-ს დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც შეიცავდა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმამდე ტრამპის გამოსვლის დამონტაჟებულ ფრაგმენტებს.
ტრამპის თქმით, სამაუწყებლო კომპანიამ მისი გამოსვლის ორი ცალკეული ნაწყვეტი გააერთიანა, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ იგი არეულობას აქეზებდა.
გასულ თვეში, BBC-მ დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა და აღიარა დოკუმენტური ფილმის მომზადებისას დაშვებული შეცდომა. BBC-ს განცხადებით, მონტაჟის შედეგად შეიქმნა მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ტრამპმა არეულობის წინ ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება გააკეთა. თუმცა, მაუწყებელმა განაცხადა, რომ სარჩელის შეტანის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ტრამპის სარჩელში ნათქვამია, რომ ბოდიშის მოხდის მიუხედავად, BBC-მ „არ გამოხატა რეალური სინანული ჩადენილი დანაშაულისთვის და არც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები მომავალი ჟურნალისტური ძალადობის თავიდან ასაცილებლად“.
დოკუმენტური ფილმი BBC-ს ფლაგმანურ პროგრამა Panorama-ზე გავიდა ეთერში. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი კრიზისი, რაც კი ბრიტანულ მაუწყებელს 103-წლიანი ისტორიის განმავლობაში განუცდია.
დოკუმენტური ფილმი არ იყო ნაჩვენები შეერთებულ შტატებში და BBC-მ განაცხადა, რომ არ გეგმავს დოკუმენტური ფილმის ხელახლა გაშვებას თავის რომელიმე პლატფორმაზე.
არასწორი მონტაჟით გამოწვეული კრიტიკის გამო გადადგნენ კორპორაცია BBC-ს გენერალური დირექტორი ტიმ დეივი და BBC News-ის დირექტორი დებორა ტერნესი.