„ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით საქართველო უნიკალურია მთელ მსოფლიოში. UNESCO-მ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შეიტანა. ამ აღიარებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული აგრარული ცოდნის უწყვეტი, ისტორიული ხაზის მნიშვნელობა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შეტანის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში დღევანდელი მდგომარეობით აღწერილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან - 14 საქართველოშია აღმოჩენილი, რომელთაგან 5 ენდემურ ჯიშს წარმოადგენს.
„თითოეული ჩვენგანისთვის ნამდვილად საამაყო ფაქტია, რომ ღვინის წარმოების 8000 წლოვან უწყვეტ ტრადიციას გვერდი დაუმშვენა ხორბლის კულტურამ და მასთან დაკავშირებულმა რიტუალებმა. ალბათ ცალკე უნდა ვისაუბროთ მკისა და მოსავლის აღება-დაბინავების უნიკალური მეთოდების შესახებ. იქნება ეს შნაკვით მკა, ალოობა თუ გალეწვა; შემდგომ კი, მოსავლის დაბინავება ბეღელებში, ხაროებსა და მიწის ორმოებში. რაც შეეხება პურის ცხობის ტრადიციას, თავისი განსაკუთრებულობითა და მრავალფეროვნებით, შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალი და მოქმედი გასტრონომიული მუზეუმია.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ გარდა იმ სამუშაოსი, რომელიც UNESCO-სთან ერთად ვაწარმოეთ, სამინისტრო, წლების განმავლობაში, FAO-სთან ერთად მუშაობდა ქართული ხორბლის სერტიფიცირების სისტემის დახვეწაზე, ეროვნული კატალოგის შექმნასა და გენეტიკურ ბანკზე. ამ თანამშრომლობამ, ერთი მხრივ, ფერმერებს მისცა საშუალება, სტანდარტებით დაცული სათესლე მასალა ჰქონოდათ და, მეორე მხრივ, ბაზარი დაცული ყოფილიყო ფალსიფიცირებული პროდუქციისგან. ცალკე აღსანიშნავია, სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დიდი ძალისხმევა ქართული ხორბლის, სიმინდისა და ლობიოს 210 უნიკალური ნიმუშის, ნორვეგიის სვალბარდის გლობალური თესლის საცავში განთავსებასთან დაკავშირებით.
დღეს ყველა ამ პროცესის შედეგს ვხედავთ. დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ქართული ხორბალი არა მხოლოდ ჯიშური მრავალფეროვნებით, არამედ ხარისხობრივად მნიშვნელოვანი თვისებებით გამოირჩევა. შესაბამისად, საქართველოს შეუძლია თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული სიტყვა თქვას იმ გენეტიკური რესურსით, რომელიც გვაქვს. ჩვენთვის ეს ეროვნული სიამაყეა, ჩვენი განსაკუთრებული წვლილია მსოფლიო ცივილიზაციის ჩამოყალიბების საქმეში“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სიტყვის დასასრულს, მადლობა გადაუხადა ყველა ჩართულ მხარეს, ვინც უდიდესი შრომით და ცოდნით უზრუნველყო ამ ისტორიული დღის შექმნა.