აშხაბადის შეხვედრის ფოტო ყველაზე ცხადი ილუსტრაციაა იმ სივრცისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხედავს - ცივილიზაციური მტრის, რუსეთის გავლენის სფეროში, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერია გამოეხმაურა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმს, რომელსაც ირაკლი კობახიძე ესწრება. ღონისძიებას ასევე ესწრება რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს.
"ზოგადად, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ხალხის მანდატი აქვს, ქვეყნის ინტერესების დასაცავად უნდა ესაუბროს ყველას;
უნდა ესაუბროს ჩვენი მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებს, მათ შორის - ისეთებს, რომლებსაც ქართული საზოგადოებისგან განსხვავებული ისტორიული არჩევანი აქვთ გაკეთებილი.
საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება შეიძლება ესაუბროს ჩვენს ოკუპანტს და ცივილიზაციურ მტერსაც, ოღონდ ეს ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის მკაფიო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს და არა მტრის ვასალობასთან შეგუების, საზოგადოების დემორალიზებისა და დეზორიენტირების პროპაგანდის გაგრძელება.
ივანიშვილის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოს, ევროკავშირს ქართული სახელმწიფოსა და იდენტობისთვის საფრთხედ ნათლავს და ამის ნაცვლად, ძალადობითა და ტერორით იმ სამყაროსკენ მიჰყავს ქვეყანა, სადაც ვერც თავისუფლებასა და კეთილდღეობას მოვიპოვებთ და რუსეთის აგრესიისგანაც ყველაზე დაუცველები დავრჩებით.
აშხაბადის შეხვედრა პრობლემა არ იქნებოდა, ის რომ არ წარმოადგენდეს ერთდერთ საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რომელსაც ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს და ქართველ ხალხს უტოვებს.
შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან იზოლირებული, რუსეთის გავლენის სფეროში ჩარჩენილი საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გარდაუვლად დაკარგავს, თუ ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენს თავში არ ვიპოვეთ ძალა, რომ რეჟიმი შევცვალოთ.
საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენის გზა არის ერთადერთი - ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა და თავისუფალ სამყაროსა და ჩვენს რეგიონში ძლიერი მოკავშირეების მქონე თავისუფალი რესპუბლიკის დაფუძნება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.