ამ დარბაზში და სხვაგანაც გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც საბრძოლო მოქმედებებში იმდენი ხანი აქვს გატარებული, რამდენიც მე. მე მართლა მოძალადე ვარ. ამათგან [ბრალდებულებისგან] განსხვავებით, მთელი ცხოვრება ძალადობას ვსწავლობდი. დამიბომბია ქალაქები, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის გარეთ. თუ ვინმე დამიბარებს და მკითხავს - „2004 წელს ცხინვალი რატომ დამბომბე?“, მე ვიტყვი: დავბომბე და თუ შემეძლება, კიდევ დავბომბავ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა პოლკოვნიკმა, ლაშა ბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზებულ დანაშაულზე საუბარი, რასაც დაკავებულებს პროკურატურა ედავება, აბსურდია, რადგან განსასჯელის სკამზე მჯდომ რამდენიმე პირს დაკავებამდე საერთოდ არ იცნობდა.
„მე ვარ ადამიანი, რომელსაც საბრძოლო მოქმედებებში მიუღია მონაწილეობა. ამათგან განსხვავებით, მე მართლა მოძალადე ვარ. ამათგან [ბრალდებულებისგან] განსხვავებით, მთელი ცხოვრება ძალადობას ვსწავლობდი. დამიბომბია ქალაქები, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის გარეთ. თუ ვინმე დამიბარებს და მკითხავს - „2004 წელს ცხინვალი რატომ დამბომბე?“, მე ვიტყვი: დავბომბე და თუ შემეძლება, კიდევ დავბომბავ, მაგრამ იმაზე მშვიდობიან ღონისძიებაში, რომელშიც 4 ოქტომბერი იყო, არასდროს ვმონაწილეობდი... გასაგებია, პოლიტიკური მიზნების გამო პროკურატურა და ხელისუფლება ჩვენ ამას რატომ გვედავება. ეს გასაგებია, მაგრამ ეს ხალხი ამასთან რა შუაშია? შემიძლია ვთქვა და დავაზუსტო, რომ სამი კაცი საერთოდ პირველად ვნახე ამ სასამართლოზე. როდესაც ორგანიზებულ დანაშაულზე ვლაპარაკობთ, ეს ხალხი ჩემთან რა შუაშია? 2004 წელს პირველი ჯარისკაცი რომ დამეღუპა, ბატალიონის მეთაური ვიყავი და ძალიან გამიჭირდა მის ოჯახში მისვლა, რადგან ის დაიღუპა და მე გადავრჩი. ახლაც ამდაგვარი გრძნობა მაქვს. ეს ხალხი ჩვენთან რა შუაშია?“- განაცხადა ბერიძემ.