საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის (ASP) რიგით 24-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჰააგაში გაიმართა.
ასამბლეა 1 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით გახსნეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა - ტომოკო აკნემ და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის პრეზიდენტმა - პეივი კაუკორანტამ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გენერალური დებატების სესიაზე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი დგებუაძემ დაადასტურა საქართველოს თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და მასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხებზე, აგრეთვე მსხვერპლთა ინტერესების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე, სადაც სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიცია გაიზიარა და შედეგად რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ასამბლეის ფარგლებში გამართა შეხვედრები რომის სტატუტის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებთან, პროკურორებთან, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სამართლებრივ დისკუსიებში სასამართლოს საქმიანობის საკითხებზე.