გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 259 ფაქტი გამოავლინეს.
"გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 223 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 34 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია, დალუქულია 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2025 წლის 11 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 57 უკანონო სახერხი საამქრო.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.