ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი და ამას აღიარებს, ახლა არის მარტივი კითხვა, აპირებს თუ არა „ლელო“ გარიცხოს ალეკო ელისაშვილი საკუთარი რიგებიდან, თუ უნდა დარჩეს ტერორისტი მათ რიგებში? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილის მიერ მოწყობილი „ტერორისტული აქტი“ არის სრულად შედეგი იმისა, რომ ბრიუსელმა რამდენჯერმე თვალი დახუჭა მათზე, ვინც მოძალადეები იყვნენ.
„თავადაც აღიარებს, რომ ჩაიდინა ტერორისტული აქტი. სასამართლო დაადგენს მოტივაციის საკითხებს და სხვა საკითხებს. მაგრამ ფაქტია, რომ თავად აღიარებს, რომ დაგეგმა, მოამზადა და ცივსისხლიანად განახორციელა ტერორისტული აქტი. ასე რომ, ყველაფერი გასაგებია. გაუგებარია ის, რომ „ლელოს“ განცხადება ვნახე, ისინი გმობენ. დაგმობა, მაშინ უნდა ყოფილიყო, ვიღაც ცუდ განცხადებას თუ გააკეთებდა. ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი და ამას აღიარებს, ახლა არის მარტივი კითხვა, აპირებს თუ არა „ლელო“ გარიცხოს ალეკო ელისაშვილი საკუთარი რიგებიდან, თუ უნდა დარჩეს ტერორისტი მათ რიგებში?
გამოხმაურება ვნახეთ „ალდესგან“, რომლის წევრიც არის „ლელო“ და მისი ლიდერები ელისაშვილის ჩათვლით. მაინტერესებს ტერორისტები უნდა ჰყავდეთ რიგებში და ამის მერე რამეს უნდა გველაპარაკებოდეს ეს ევროპული პარტია?! სხვა დროს, წუთი არ გავა და „ალდეს" სხვადასხვა ლიდერები „ტვიტერს“ აიკლებენ ხოლმე სხვადასხვა ტექსტებით, სად არის ამ საკითხზე გამოხმაურება?! მათი წევრი პარტიის ლიდერმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი და არც გმობენ, არც ემიჯნებიან, არც რიცხავენ, ნული რეაქცია. ეს არის სწორედ იმ ტვინის გამორეცხვის შედეგი, რასაც გარედან ვხედავთ. შეგახსენებთ ზარს, რომელიც ერთ-ერთმა ევროკომისარმა განახორციელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და იმ მინიშნებას, რაც ამ ზარში მისცა. ეს არის სწორედ, ამაზე მიანიშნებდა, რომ იმდენად ტვინს გამოურეცხავენ ადამიანებს, წავლენ დანაშაულზე. ეს არის შედეგი იმის, რომ მათ, ვისი კერპიც ამ ადამიანებს აღმართული აქვთ და ვისზეც ლოცულობენ, არ დაუგმიათ 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა, პირიქით იხუტებენ იმ ადამიანებს. როდესაც არ დაგმობ ძალადობას, მიიღებ ექსტრემიზმს, როდესაც არ დაგმობ ექსტრემიზმს, მიიღებ ტერორიზმს. ეს ტერორისტული აქტი არის სრულად შედეგი იმისა, რომ თვალი დაუხუჭა ბრიუსელმა და მისმა ელჩებმა, პოლიტიკოსებმა და უფრო მეტიც, კიდევ უფრო მეტად ჩაიხუტეს ისინი, ვინც მოძალადეები იყვნენ. ეს არის ევროპული სტილის ძალადობა საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.