PACE- ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ“. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე თანამომხსენებლების (ედიტე ესტრელა, საბინა ჩუდიჩი) შესაბამისი განცხადება PACE-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ვიმეორებთ იმას, რაც ასამბლეამ უკვე თქვა საქართველოზე ბოლო რეზოლუციაში. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, გრანტების კანონი და ადმინისტრაციულ დარღვევებზე ამჟამინდელი კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებს და როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა, ისინი გაწვეულ უნდა იქნას“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
მათ ასევე ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლო დროის სისხლის სამართლის ბრალდებებზე „დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგონილი ბრალდებების შედეგად შესაძლოა, ხანგრძლივ პატიმრობაში აღმოჩნდნენ“.
„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განიხილებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ბოლო დროის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში რამდენიმე ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვენ. მსგავს ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ეს ქმედებები, რომლებიც საქართველოში დიქტატურას დაამყარებენ“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვიზიტის დროს თანამომხსენებლები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც ისინი აღნიშნავენ, მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის უფლება მიეცათ, მაგრამ მწუხარება გამოთქვეს იმაზე, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უარი თქვეს მათთან შეხვედრაზე და ასევე იმაზე, რომ ხელისუფლებამ მათ ციხეში მზია ამაღლობელთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცა.