„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა. ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, პოლიტიკური პატიმრის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა. ეს საქმე შეეხება ამჯერად ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული სრულიად უკანონოდ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მანამდე, სანამ მოხდებოდა მზია ამაღლობელისადმი სისხლის სამართლის წესით ბრალის წარდგენა, ის პოლიციამ ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა უკანონოდ და შემდგომ მის მიმართ ერთი და იგივე ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ეს ეხებოდა 173-ე მუხლს და ასევე, სტიკერის გაკვრის გამო, იერსახის დამახინჯების მუხლებზეა საუბარი. თუმცა ეს ყველაფერი იყო ერთი და იგივე გარემოება და არცერთი ამ მუხლის საფუძველზე არ არსებობდა წინაპირობები, რომ შედგენილიყო სამართალდარღვევის ოქმები. მიუხედავად ამისა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე შემდგომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა მზია ამაღლობელთან მიმართებით გამოიტანეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები და მზია ამაღლობელი ერთ საქმეზე 2000 ლარით, ხოლო მეორე საქმეზე 1000 ლარით დააჯარიმეს. ორივე საქმე და ადმინისტრაციული წესით დაკავება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს. სწორედ ამიტომ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, მზია ამაღლობელის სახელით წარდგენილ ახალ საჩივარში მიუთითა, რომ ამ ქმედებით და ამ პროცესში გამოვლენილი დარღვევით სახეზეა უფლებების დარღვევის ისეთი მასშტაბები, რომელიც დაკავშირებულია კონვენციის მე-5 მუხლთან, ეს არის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11) და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მუხლი 13) კონვენციის მე-5 მუხლთან ერთობლიობაში.
ამ მუხლების ფარგლებში ჩვენ ვდავობთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო. როგორც საზოგადოებას ახსოვს, პირველად მზია ამაღლობელის დაკავება მოხდა დამხმარე შენობის ფასადზე გაკრული სტიკერის გამო, სადაც იყო წარწერა „იფიცება საქართველო“. ამ სტიკერის გაკვრის გამო მაშინდელმა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელმა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა და იმდროინდელმა ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ირაკლი დგებუაძემ გააკეთა განმარტება, რომ მისი დაკავება მოხდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 150-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს იერსახის დამახინჯებას. როდესაც პოლიცია მიხვდა, რომ ამ მუხლის საფუძველზე მათ არ ჰქონდათ საერთოდ კანონმდებლობით ფორმალურადაც კი უფლება, რომ პირი დაეკავებინათ, შემდგომ პოლიციამ გააყალბა სამართალდარღვევის ოქმი და ჩაუწერს, რომ თითქოს ის პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თუმცა ეს ვერ დაადასტურეს სასამართლო პროცესებზე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მზია ამაღლობელის ერთი საქმე უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილება, საკმაოდ სწრაფ ტემპებში. პირველი საქმე შეეხებოდა მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას და სხვა თანმდევ დარღვევებს“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.