რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საბოლოოდ მოლაპარაკებებით დასრულდება, ეს გარდაუვალია.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ტელეარხ A Haber-ის ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს ომი ყველაზე მძიმე ეტაპზეა, რადგან ორივე მხარე ერთმანეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა ორიენტირებული“, - თქვა მან.
ფიდანის თქმით, ომი ახლა დრონების ომად გადაიქცა და დანაკარგები, „კონტროლირებად ზღვარს გასცდა“.
„არავის შეუძლია არსად გადაადგილება; წინ წასვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც დანაკარგები არ ადარდებს. ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ გვჯერა, რომ მოლაპარაკებები გარდაუვალია. ეს შეიძლება თურქეთში მოხდეს, შეიძლება სხვაგანაც მოხდეს, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს მშვიდობა აუცილებლად დადგება“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.