შეერთებული შტატები ბირთვულ ცდებს ჩაატარებს ისევე, როგორც სხვა ქვეყნები.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს, 14 ნოემბერს, ფლორიდაში მიმავალ Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თუმცა, ტრამპმა არ დააკონკრეტა, მოიცავს თუ არა ეს ცდები ბირთვული ქობინების აფეთქებას. იუწყება Reuters.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რამდენად მალე ჩაატარებს აშშ ბირთვულ ცდებს, ტრამპმა უპასუხა: „ძალიან მალე“.
ამავდროულად, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს რუსეთთან და ჩინეთთან შეხვედრის გამართვა დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით და ბირთვული განიარაღება - შეიარაღების კონტროლის სფეროში საუკეთესო გამოსავალი უწოდა.
ტრამპის თქმით, რუსეთი და ჩინეთი, შესაძლოა შეერთებულ შტატებს დაეწიონ შეერთებულ შტატებში ბირთვული ცდების განახლების გადაწყვეტილების მიღების კუთხით. დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება 29 ოქტომბერს გამოაცხადა, თუმცა ადმინისტრაციას ჯერ არ დაუზუსტებია, გულისხმობს თუ არა ეს ბირთვული ქობინების აფეთქებას.
„რუსეთი ატარებს ცდებს, ჩინეთი ატარებს ცდებს, მაგრამ ისინი ამაზე არ საუბრობენ. არ მინდა ვიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ატარებს ცდებს“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ნოემბრის დასაწყისში CBS News-ის ეთერში.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანი კრის რაიტი, აპირებენ დონალდ ტრამპის დარწმუნებას ბირთვული ცდების „არამიზანშეწონილობაში“.
CNN-ის წყაროები აცხადებენ, რომ ოფიციალურ პირებსა და თეთრი სახლისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა „უახლოეს დღეებში“ იგეგმება.