ევროკომისიის პრესსპიკერმა გიომ მერსიემ განაცხადა, რომ კორუფციული საქმიანობის გამოძიება და თანამდებობის პირების მიერ კორუფციული სქემების გამოვლენა ნიშნავს, რომ უკრაინაში უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა მუშაობენ.
ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში კორუმპირებული თანამდებობის პირების გამოაშკარავება ქვეყანაში ანტიკორუფციული ორგანოების ფუნქციონირების ნიშანია.
„ეს გამოძიება აჩვენებს, რომ ანტიკორუფციული ორგანოები აქტიურად მოქმედებენ და ფუნქციონირებენ უკრაინაში“, - განაცხადა მერსიემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლა გაფართოების პაკეტის ცენტრალური ელემენტია.
„კორუფციასთან ბრძოლა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის მთავარი პირობაა. ეს მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლის ძლიერი შესაძლებლობებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად“, - დასძინა სპიკერმა.
მისი თქმით, დაცული უნდა იყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების როლი, რომლებიც კანონის უზენაესობის ქვაკუთხედს წარმოადგენენ უკრაინაში, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოში.
„კომისია გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს“, - განაცხადა მერსიემ.
ცნობისათვის, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული საქმის გახსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საქმე ეხება უკრაინის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ თანხების გაფლანგვას. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის სახლში, მათ შორის გერმან გალუშენკოს სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. თანამდებობა დატოვეს იუსტიციის მინისტრმა გერმან გალუშენკომ და ენერგეტიკის მინისტრმა სვეტლანა გრინჩუკმა. კორუფციული სქემის ფიგურანტია ზელენსკის ახლო მეგობარი თემურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.