BBC-ის გენერალური დირექტორი, ტიმ დეივი და BBC News-ის აღმასრულებელი დირექტორი, დებორა ტერნესი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რედაქტირებული სიტყვით გამოსვლის ირგვლივ არსებული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგნენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატელევიზიო პროგრამა Panorama-ს ერთ-ერთ დოკუმენტურ ეპიზოდში BBC-მ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვა შეცდომაში შემყვანი ფორმით გააშუქა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, BBС-მ ტრამპის სიტყვიდან ამოჭრილი ნაწილები შეცდომაში შემყვანი ფორმით დაამონტაჟა, რათა მაყურებელს დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ტრამპმა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა წაახალისა.
„BBC არ არის სრულყოფილი და ჩვენ ყოველთვის ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, BBC News-ის ირგვლივ მიმდინარე სკანდალმა, გასაგები მიზეზების გამო, გავლენა მოახდინა ჩემს გადაწყვეტილებაზე. BBC საერთო ჯამში კარგ საქმეს აკეთებს, თუმცა გარკვეული შეცდომები დაშვებულია და როგორც გენერალურმა დირექტორმა, საბოლოო პასუხისმგებლობა მე უნდა ავიღო“, - ნათქვამია დეივის წერილში.
დეივიმ განაცხადა, რომ ის საბჭოსთან მუშაობს წასვლის ზუსტ ვადებზე შესათანხმებლად, რათა უზრუნველყოს ახალი ლიდერისთვის სამუშაოს შეუფერხებელი გადასვლა.
თავის მხრივ, დებორა ტერნესმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
„პრეზიდენტ ტრამპის შესახებ გადაცემის გარშემო მიმდინარე დავამ იმ ეტაპს მიაღწია, რომ ის ზიანს აყენებს BBC-ს, ინსტიტუტს, რომელიც ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები დაშვებული იყო, მინდა ნათლად განვაცხადო, რომ BBC News-ის, როგორც ორგანიზაციის, წინააღმდეგ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები მიკერძოების შესახებ ყალბია. პასუხისმგებლობა მე მეკისრება“, - განაცხადა დებორა ტერნესმა.