უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ 8 ნოემბრის ღამეს განხორციელებულ იერიშს, რომლის დროსაც რუსებმა 500-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს, დემონსტრაციული და თავხედური უწოდა.
„ეს იყო მასირებული დარტყმა, ბევრი ბალისტიკა - სულ მცირე 25 ბალისტიკური რაკეტით, ასევე აერობალისტური და ფრთოსანი რაკეტებით და სხვადასხვა ტიპის 450-ზე მეტი დრონით.ძალიან თავხედური, ძირითადად დემონსტრაციული დარტყმა. ღამით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 400-ზე მეტი დრონი გაანეიტრალეს, რაც უპილოტო საჰაერო სისტემების დანაყოფების, არმიის ავიაციისა და მობილური სახანძრო ჯგუფების მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ზოგიერთი რაკეტა ჩამოაგდეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ბალისტიკური და აერობალისტური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა.
მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე სისტემას შეუძლია ასეთი რაკეტების ეფექტურად ჩამოგდება და ჩვენი მთელი ტერიტორიის დასაფარად, ჩვენ გვჭირდება მნიშვნელოვნად მეტი სისტემა, მნიშვნელოვნად მეტი რაკეტა ამ სისტემებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება.
„რუსეთის თავხედობაზე სუსტი რეაგირება რუსეთს ამ ომის გაგრძელების მოტივს აძლევს. ამისთვის იმდენი სანქცია, იმდენი ზეწოლა, იმდენი სიცოცხლის შენარჩუნებაა საჭირო, რომ რუსეთს ომის პირობებში გადარჩენის რესურსი არ დარჩეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობს დამატებითი Patriot-ის სისტემების შესაძენად.