"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ცოხოდან ეხმიანება.
"დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი.
დიახ, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ.
დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები.
წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით.
პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა.
ბოლომდე!" - წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, მთვარი პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გიორგი გვარაკიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ - გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.