საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს - „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკოლოგიისა და გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე“.
აღნიშნული მემორანდუმების ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებებით.
„ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის პრემიერებს შორის შეხვედრა. ზუსტად ამ შეხვედრამ უზრუნველყო შესაძლებლობა, გაფორმებულიყო მემორანდუმები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებებით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოსდაცვითი კუთხით თანამშრომლობა გაღრმავდება ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ეკოტურისტული, დაცული ტერიტორიების და მართვის შესაძლებლობების გაზიარების საკითხებზე.
„რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებას, მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ აგროწარმოების პროდუქტიულობა“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დავით სონღულაშვილმა იმ ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა და ჩინეთში ქათმის ხორცის ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის. ჩინეთის უდიდეს ბაზარზე საქართველოდან კიდევ ერთი პროდუქტის ექსპორტი გააძლიერებს აგროსექტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში აისახება.