დაახლოებით 20 მლნ ლარის თანხებია ამოღებული. ეს თანხები მიექცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე - როცა საუბარია იმაზე, რომ აქ ჩვენ რაღაც ფულის ამოღება გვინდა თუ სხვა რამე გვინდა, ფულის ამოღებაც გვინდა ბიუჯეტისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობითა და მისი პოლიტიკური შეფასებით, რაზეც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „საქმეზე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას არ აპირებს“.
„როცა საქმე ეხება გამოძიებას, გამოძიებაზე გიპასუხებენ მხოლოდ შესაბამისი უწყებები, [ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე] არ ვაპირებ არავითარი კომენტარის გაკეთებას, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების მიმდინარეობას, მე არ ვაპირებ ამ თემაზე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას - არავითარი კომენტარი ამაზე! რაც შეეხება თანხების ამოღებას, დაახლოებით 20 მლნ ლარის თანხებია ამოღებული, როგორც ვიცი და რა თქმა უნდა, მთლიანად ეს თანხები მიექცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამაზე უწყებები გიპასუხებენ. ხოლო რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა ობიექტური გარემოებები, რომლის გამოც შეუძლებელი იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. იმ პირობებში, როცა გვიწევდა ძალიან მძიმე ფრონტზე ბრძოლა, რაღაცებში ჩაღრმავება შეიძლება იყო შეუძლებელი.
2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული, როცა ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, მივიღეთ არაერთი ზომა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. როცა საუბარია იმაზე, რომ აქ ჩვენ რაღაც ფულის ამოღება გვინდა თუ სხვა რამე გვინდა, ფულის ამოღებაც გვინდა ბიუჯეტისთვის. ჩვენ ჩვენს დამოკიდებულებას კორუფციის მიმართ ვაჩვენებთ არამხოლოდ იმით, რომ წარსულ საქმეებში ჩავიხედეთ, არამედ იმით, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა მთავრობის საქმიანობა გამჭვირვალე იყოს და აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველა პროცედურა, მათ შორის ტენდერები, პრივატიზაცია და ა.შ. ეს აჩვენებს, პირველ რიგში, ჩვენს დამოკიდებულებას. ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით კორუფციის აღსაკვეთად ჩვენს ქვეყანაში, რის შედეგებსაც საზოგადოება ხედავს“,- განაცხადა კობახიძემ.