პირველი სამი კვარტლის, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის შემდგომი განვითარება მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.
„პირველი სამი კვარტლის, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა პროგნოზი 7.2%-მდე, თუმცა ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც სავალუტო ფონდის პროგნოზს გადაჭარბებით შევასრულებთ. ამ ტემპის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდა იძლევა ასევე ვალუტის კურსის მყარად შენარჩუნების შესაძლებლობას. მოხარული ვართ, რომ წელს სავალუტო რეზერვები უკვე გაიზარდა 5.6 მლრდ დოლარამდე, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის. ბუნებრივია, ვალუტის სიმყარე არის ეკონომიკური ზრდის ტემპის სტაბილურად შენარჩუნების შედეგი. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ეკონომიკური ზრდის და ამ ტემპების შენარჩუნების მნიშვნელობას. გვაქვს ახალი ინიციატივებიც, რომლებიც წაადგება მომავალში ეკონომიკის განვითარებას. გვაქვს ახალი, მსხვილი ინვესტიცია, რომელიც უკვე განხორციელების ეტაპზე გადადის და ბუნებრივია, ესეც წაადგება ეკონომიკის ზრდას. მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს მომავალშიც ეკონომიკას და ეს იქნება ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.