სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და გაამწესა წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი შუამდგომლობით საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ დღეს მიმართა.
„სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი. ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ბრძანებაში.