გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ქ.ქობულეთში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.
საკოორდინაციო შტაბი ციტრუსის მოსავლის შეუფერხებლად აღება-დაბინავების და რეალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს.
მინისტრი მეციტრუსე ფერმერებსაც შეხვდა და მიმდინარე პროცესებზე მოისმინა ინფორმაცია.
„წელს ციტრუსის დიდ მოსავალს ველოდებით. ნომერ პირველი ამოცანა მოსავლის ორგანიზებული დაბინავებაა. ამ კუთხით კოორდინაციაში ვართ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მნიშვნელოვანია შტაბის გამართული ფუნქციონირება. ამ მიმართულებით ყველა წარმატებულ გამოცდილებას ვაზიარებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სახელმწიფოს სუბსიდია 35 თეთრი იქნება. 5 თეთრს საწარმო გადაიხდის, შესაბამისად სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრი იქნება.
საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 60-65 ათას ტონამდეა. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, არასტანდარტულ ნაყოფს კი, ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს. მოქმედებს ცხელი ხაზი, (1501) სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
საკოორდინაციო შტაბის გახსნას დავით სონღულაშვილთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ზურაბ ეზუგბაია და კახა კაკაბაძე დაესწრნენ.