დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ უკრაინის პერსპექტივები გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსულ ნავთობკომპანიებზე სანქციები დააწესა. ეს იმის ნიშანია, რომ კიევის მოკავშირეები ფრთხილი ოპტიმიზმით არიან განწყობილი, რომ აშშ-ის პოზიციის გამკაცრებამ შესაძლოა კრემლის ომის წარმოების უნარი შეარყიოს.
„ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ. გასულ კვირას რამდენიმე მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა“, - განაცხადა სტარმერმა Bloomberg-თან ინტერვიუში.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპელი ლიდერების დიპლომატიური ძალისხმევა დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიცია დაეკავებინა, საბოლოოდ ნაყოფს იძლევა.
„მთავარ მოვლენას სანქციებთან დაკავშირებით ჩვენს ქმედებებს ვუწოდებდი.
„ჩვენ სანქციები დავუწესეთ ყველა მსხვილ ნავთობკომპანიას, შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა სანქციები დაუწესა ორ მსხვილ ნავთობკომპანიას და ევროკავშირმა თავისი უახლესი ზომების პაკეტი წარმოადგინა - ყველაფერი ეს რამდენიმე დღეში მოხდა. ამან ღრმა გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
აღნიშნულია, რომ ევროპულ ქვეყნებს აშკარად ესმით რისკი, რომ ტრამპმა შეიძლება კვლავ შეცვალოს თავისი პოზიცია, თუმცა არსებობს იმედი, რომ აშშ-ის ახალი სანქციები გარდამტეხი მომენტი იქნება.
სტარმერმა განაცხადა, რომ კვირას ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, რათა ზეწოლა მოახდინოს ჩინეთზე შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა, რადგან მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკაზე წნეხის განხორციელების მცდელობების გაგრძელება.
„ტრამპი ამ კვირაში პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება. გუშინ მასთან პრეზიდენტ სი ძინპინისთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ვისაუბრე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ამ მხრივ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა სტარმერმა.