აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზიაში ვიზიტის დროს Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებებზე „ბურევესტნიკის“ რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით, რომელსაც, რუსეთის ლიდერის თქმით, „შეუზღუდავი მოქმედების რადიუსი“ აქვს. ამის შესახებ CNN იუწყება.
პუტინის მიერ რაკეტის ქების კონტექსტში, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთის მახლობლად ბირთვული წყალქვეშა ნავები ჰყავს განლაგებული.
„მათ იციან, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური წყალქვეშა ნავი, მათ სანაპიროსთან ახლოს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი აზრით, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულებაზე უნდა იფიქროს და არა რაკეტების გამოცდაზე.
„მან უნდა დაასრულოს ომი, ომი, რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო და ახლა მეოთხე წელია მიმდინარეობს, სწორედ ეს უნდა გააკეთოს მან რაკეტების გამოცდის ნაცვლად,“ - თქვა ტრამპმა.
რეპორტიორების კითხვაზე, დაწესდება თუ არა დამატებითი სანქციები, ტრამპმა უპასუხა: „ამას თავად გაიგებთ“.
შეგახსენებთ, გუშინ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა, ჩაატარა ბირთვული ძრავით აღჭურვილი შეუზღუდავი მანძილის ფრთოსანი რაკეტის - "ბურევესტნიკის" გამოცდა.