სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე იყო გამოსახული, ჭიათურის მერია განმარტებას აკეთებს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც სოციალურ ქსელში “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია.
ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო.
თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.
საქართველოს რუკამ საბოლოოდ სწორედ ისეთი სახე მიიღო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნული ფოტო სკოლის მოსწავლეების დადგმის დასრულების შემდეგ არის გადაღებული", - ნათქვამია განცხადებაში.