სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჯიღაურას ბაზაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ შეჯამება გაიმართა.
პროექტი განხორციელდა აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსის, ნანი გოგინაშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი და ავსტრიელი მეცნიერების მონაწილეობით. კვლევის მიზანს ქვეყნის ტყის ეკოსისტემებში გავრცელებული იშვიათი და რელიქტური მცენარეების კვლევა და მათ შესახებ ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა წარმოადგენდა.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, მსგავსი ბაზის შექმნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
„ჩვენი ტყეები მდიდარია უნიკალური გენეტიკური რესურსებით. იშვიათი და რელიქტური სახეობების მონაცემთა ბაზა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი წყარო იქნება“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
პროექტის ფარგლებში შესწავლილი იყო 18 იშვიათი და რელიქტური სახეობა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში გავრცელებულ უნიკარულ რელიქტურ სახეობებს — კოლხურ მუხას (Quercus hartwissiana), პონტოს მუხას (Quercus pontica), ძელქვას (Zelkova carpinifolia) და ლაფანს (Pterocarya pterocarpa).
„ჩვენი ტყეები მდიდარია იშვიათი, რელიქტური სახეობებით, რომელთა ლოკაციები მცირეა და ინფორმაცია ხშირად მწირი. სწორედ ასეთი სახეობების ინვენტარიზაცია ჩავატარეთ და შევქმენით მონაცემთა ბაზა ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთანავე, შედგენილია გავრცელების რუკები და მიღებული შედეგები განთავსდება საერთაშორისო პლატფორმაზე“, - აღნიშნა ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ნანი გოგინაშვილმა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო ექსპედიციები, აღებულ იქნა თესლის ნიმუშები და შესაბამისი სტანდარტების დაცვით შენახულ იქნა თესლთა ბანკში, რაც უზრუნველყოფს იშვიათი სახეობების გენეტიკური რესურსების დაცვას და მომავალში მათი აღდგენის შესაძლებლობას.
საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, პროექტში ჩართული იყო დოქტორი ბერტჰოლდ ჰეინზე (Dr. Berthold Heinze) — ავსტრიის ტყეების კვლევის ცენტრის გენომის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, საქართველოს ტყის იშვიათი მუხების კვლევა მნიშვნელოვნად შეავსებს ევროპული მუხების სისტემატიკასა და გენეტიკურ მონაცემთა ბაზას.
პროექტი აძლიერებს საქართველოს მონაწილეობას ტყის გენეტიკური რესურსების გლობალურ კონსერვაციაში. მონაცემთა ბაზა უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო პლატფორმაზე — Global Forest Watch.