საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში საარქივო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე დღეს მაყურებელმა რეჟისორ ოთარ იოსელიანის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „აპრილი“ იხილა.
საარქივო ფილმების წლევანდელი ფესტივალის თემაა „საავტორო კინო“. ამ აქცენტით არის შერჩეული 11 ქვეყნის კინოპროგრამა, რომელიც ეროვნული არქივის კინოთეატრში ოთხი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.
ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ანიმაციურ, დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს წარუდგენენ: საქართველოს, ბულგარეთის, ესტონეთის, მოლდოვის, პორტუგალიის, გერმანიის, პოლონეთის, უნგრეთის, ხორვატიის, მალტისა და ბელგიის კინოსაარქივო ორგანიზაციები. ღონისძიება ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ გახსნა.
საკუთარი საფესტივალო პროგრამების შესახებ ისაუბრეს პოლონეთის ეროვნული კინოარქივის წარმომადგენელმა მიხაი მროზმა, პორტუგალიის კინოთეკის წარმომადგენელმა რაქელ მორაისმა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოხელოვნების პოპოულარიზაციის დეპარტამენტის უფროსმა მანანა სურაძემ. კინოფესტივალი 24 ოქტომბერს დაიხურება ელდარ შენგელაიას ფილმით „მიქელა“, რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარადგენს. კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია, ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით. დაგეგმილი სეანსების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/movies