არ გვაქვს იმედი, რომ გახარიას პარტიის წევრები რეალურ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვებიან, თუმცა ალბათ უკვე საპარლამენტო მანდატის ფარგლებში პარლამენტში იმ სურვილებს გამოთქვამენ, რაც უცხოეთიდან გარე ძალებს აქვთ ქვეყანასთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებით პარლამენტის საქმიანობას არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება.
„გახარიას პარტიის 12 წევრი უკვე პარლამენტის წევრია, უბრალოდ ისინი სხდომებზე არ დადიოდნენ. ცოტა ხნის წინ მათმა ბელადმა განაცხადა, რომ პარლამენტში არშესვლა და მანდატებით არ სარგებლობა შეცდომა იყოო. წინა პარლამენტში მათ თითი თითზე არაფერზე დაუდიათ და არაფერი გაუკეთებიათ, რათა რაიმე ფორმით თავი პოზიტიურად დაემახსოვრებინათ საკანონმდებლო საქმიანობაში. არც ამ ეტაპზე გვაქვს იმედი, რომ რეალურ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვებიან, თუმცა ისინი ალბათ უკვე ახლოდან, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში პარლამენტში იმ სურვილებს და მიზნებს გააჟღერებენ, რაც უცხოეთიდან გარე ძალებს აქვთ ქვეყანასთან მიმართებით.
რადიკალები ერთმანეთს ტყუილსა და ღალატში ეჯიბრებოდნენ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მზაკვრული შეთქმულება იყო. მცდელობა, რომ იმ პარლამენტის საქმიანობის დელეგიტიმაცია მოეხდინათ, რომელსაც მილიონ 120 ათას ადამიანზე მეტმა დაუჭირა მხარი. ეს ღალატიც ჩავარდა, ისევე როგორც გახარიას პარტიიდან გაქცევა. ეს ღალატიც ჩავარდა და ის შედეგები ვერ გამოიღო, რა მიზნითაც გათვალისწინებული იყო. ახლა ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება თუ მიიღეს, რომ საპარლამენტო ტრიბუნა და მანდატები გამოიყენონ, ეს მათი საქმეა. ამით პარლამენტის საქმიანობას არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება. ქვეყნის აღმშენებლობის დემოკრატიული გზა გაგრძელდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.