აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, რადგან არცერთი მხარე ჯერ არ არის მზად სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ მან Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რამდენადაც არ უნდა იშრომოს აშშ-ის პრეზიდენტმა დიპლომატიურად, რათა მხარეები ფინიშამდე მიიყვანოს, საბოლოოდ, შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარის ნებაა საჭირო.
და ახლა, ჩვენი ყველა ძალისხმევის მიუხედავად, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, რუსები და უკრაინელები უბრალოდ ჯერ არ არიან მზად შეთანხმების დასადებად,“ - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ვენსმა დასძინა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა კვლავ შესაძლებელია, მაგრამ ეს „ბევრად მეტ შრომას“ მოითხოვს.
მისი თქმით, მთავარი დაბრკოლება „მოლოდინების ფუნდამენტური შეუსაბამობაა“, რადგან რუსები მიიჩნევენ, რომ ბრძოლის ველზე უკეთესი პოზიცია აქვთ, ვიდრე სინამდვილეშია.
ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომამ მოლაპარაკებებს წინა ადმინისტრაციების დროს არსებულზე მეტად წინ წასვლის საშუალება მისცა.
მისი აზრით, უფრო ეფექტურია „ენერგიული დიპლომატია, რომელიც ადგილზე ადამიანებს აძლიერებს და არატრადიციული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა“.
ზეწოლის ეკონომიკურ ინსტრუმენტებზე საუბრისას, ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ტარიფებს სანქციებზე უფრო ეფექტურად მიიჩნევს.
მან აღნიშნა, რომ სანქციებმა ათწლეულების განმავლობაში სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ როცა ტარიფები შეიძლება რუსეთის ქმედებებზე გავლენის მოხდენის ეფექტური საშუალება იყოს.
ვენსმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპი ინდოეთთან და ჩინეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული ნავთობის შესყიდვების შესამცირებლად და ენერგორესურსების ექსპორტიდან მოსკოვის შემოსავლის შესამცირებლად.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ზოგჯერ კარგავს მოთმინებას პროცესში ჩართული ყველა პირის მიმართ, მაგრამ ვიდრე ის აგრძელებს მუშაობას, დარწმუნებულია, რომ შეძლებს შეთანხმების მიღწევას.
„მე მჯერა, რომ ის მიაღწევს ამას. ერთადერთი კითხვა ისაა, თუ რამდენ დრო დასჭირდება ამას“, - თქვა ვენსმა.