აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ის შეიარაღებაზე, მათ შორის Tomahawk -ის ტიპის რაკეტებზე ილაპარაკებს.
ამის შესახებ მან თეთრ სახლში არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისთან შეხვედრისას განაცხადა.
„მომისმინეთ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვლადიმირ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ალბათ, დღესაც მაქვს. არ ვიცი, რატომ აგრძელებს ამ ომს. ეს ომი მისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცა. შეეძლო, მალევე დაესრულებინა. ის ომის მეოთხე წელს იწყებს, რომელშიც ფიქრობდა,რომ გამარჯვება უნდა მოეპოვებინა. ომის ერთ კვირაში მოგებას აპირებდა. ის ძალიან მალე ომის მეოთხე წელს შევა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინა შეძლებდა, ოთხი წლის განმავლობაში მყარად მდგარიყო და რუსეთისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არის ომი, რომელიც რუსეთს კარგად არ წარმოაჩენს... ჩვენ საუბრები გვაქვს უკრაინასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი [ზელენსკი] პარასკევს ჩამოდის [აშშ-ში] და ვიცი, რაზეც ვილაპარაკებთ - მას Tomahawk-ები უნდა,“ - აღნიშნა ტრამპმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისთვის შორი მოქმედების რადიუსის Tomahawk-ის რაკეტების შესაძლო მიწოდება ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება. შეხვედრა 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში გაიმართება.