ნებისმიერ რეფორმას, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ, აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. პროცესი წევრობით თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი, რაც ემსახურება ევროკავშირში ინტეგრაციას, ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებშია.
„ყოველთვის ვეუბნები ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს, რომ ნებისმიერ რეფორმას, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და მოეთხოვებათ კანდიდატ ქვეყნებს, ეხება ეს კანონის უზენაესობას, პროცესებს, ინკლუზიურობას, უმცირესობათა ჯგუფების ინკლუზიურობას, გამჭვირვალე სისტემების შენებას, კორუფციის აღმოფხვრას, სრულად საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობას და ბევრ სხვა საკითხს, აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. პროცესი წევრობით თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის გადასაწყვეტია. ამ გზაზე ყველა ნაბიჯი, რაც ემსახურება ევროკავშირში ინტეგრაციას, ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებშია, რადგან ყოველი კონკრეტული ქვეყნისთვის ეს გულისხმობს მეტ თავისუფლებას, ძალაუფლებას, სამომავლოდ აძლევს მეტ კეთილდღეობას. ეს არის მომავალი, რომელსაც ევროკავშირი დიდი სიამოვნებით სთავაზობს საქართველოს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დემოკრატიაში ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, რა ნაბიჯებს გადადგამს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ქვეყნის მთავრობა ზოგიერთ ნაბიჯს არ დგამს, ნაბიჯები იდგმება თავისუფლებების ჩამორთმევის და არა მინიჭების მიმართულებით. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება ნიშნავს, რომ ხალხს არ აქვს არჩევანი არჩევნებში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ურთულდებათ საქმიანობა. ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის უწყების, ეუთო-ს და ფინეთის სახელით ვიტყვი, რომ ფინეთი მოხარული იქნება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება ამ კრიტერიუმების საფუძველზე. მე კითხვის ნიშნები დავსვი და ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის მისაღებია. ქვეყანა იმსახურებს სრულ, ინკლუზიურ პროცესს გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა. [სინქრონული თარგმანი].