ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი ბირთვული მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა. .ამის შესახებ გამოცემა Axios ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. მიზეზი ირანის მოთხოვნაა მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის შეცვლაზე.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს მოთხოვნა განიხილეს, თუმცა საბოლოოდ უარყვეს.
Axios-ისთვის მიცემულ კომენტარში აშშ-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა:
„მათ ვუთხარით - ან ეს პირობები, ან საერთოდ არაფერი. მათ კი გვიპასუხეს: ‘კარგი, მაშინ არაფერი’.”
მისივე თქმით, თუ ირანი მზად იქნება დაუბრუნდეს მოლაპარაკებების თავდაპირველ ფორმატს, აშშ მზად არის შეხვედრისთვის.
„ჩვენ გვსურს გარიგების სწრაფად დადება, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ვარიანტებს განვიხილავთ“, - ციტირებს გამოცემა ოფიციალური პირის სიტყვებს.
ამასთან, Reuters ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეირანი მზადაა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვულ საკითხებზე დაიწყოს. ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ აშშ-ის მოთხოვნამ „არაბირთვული საკითხების“ განხილვის შესახებ, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ომანის მოლაპარაკებებს.