4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დაკავებულ მუსიკოსს და კრეატიულ დირექტორს, ია დარახველიძეს სასამართლომ 10- ათას ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა.
თავდაპირველად პროკურატურა იას მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროცესზე გახდა ცნობილი, რომ დარახველიძეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. [გავრცელებული ინფორმაციით, ია დარახველიძეს ეპილეფია აქვს და მას შეტევა საკანში გასულ ღამესაც განუვითარდა]
ამის შემდეგ პროკურატურამ შესვენება მოითხოვა, ინფორმაციის გაცნობისა და გადამოწმების შემდეგ მათ დარახველიძის ნაწილში შუამდგომლობა შეცვალა და საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა. ია დარახველიძე გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. ["ტვ პირველი"]
დარახველიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.