საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ამირან დოლიშვილმა, გიორგი ქორქიამ, ზაქრო ალბუთაშვილმა, ირაკლი ჩხვირკიამ, ანტონ უპერმა, ანტონ ვარდანიძემ, გიორგი მულაძემ, ხვიჩა გოგოხიამ, გიორგი ჩახუნაშვილმა, რამაზ მამულაძემ, გენადი კუპრეიშვილმა, ალექსანდრე ჩილაჩავამ, სულხან ტუღუშმა, ლევან ჯიქიამ და ლაშა ივანაძემ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავდროულად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებული კიდევ ორი პირი - ია დარახველიძე და ავთანდილ სურმანიძე სხვა პირებთან ერთად სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მათ მიმართ ახორციელებდნენ აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, გამოხატავდნენ აგრესიას და მათი მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 8, 9 და 10 ოქტომბერს დააკავეს.
ამირან დოლიშვილს, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, ანტონ უპერს (დაუსწრებლად), ანტონ ვარდანიძეს (დაუსწრებლად), გიორგი მულაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი ჩახუნაშვილს, რამაზ მამულაძეს, გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, სულხან ტუღუშს, ლევან ჯიქიასა და ლაშა ივანაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ია დარახველიძესა და ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, ორი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვილს სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ბრალდებულები არიან და პატიმრობაში იმყოფებიან ზემოთ აღწერილი დანაშაულებრივი ქმედების უშუალო ორგანიზატორები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ამავდროულად 2025 წლის 4 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე დამატებით ბრალდებულია სხვა 26 პირი, რომელთაც ასევე შეფარდებული აქვთ პატიმრობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.