აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის ხელმოწერის შესახებ განაცხადა, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს, რაც იქნება პირველი ნაბიჯი ხანგრძლივი, მდგრადი და მარადიული მშვიდობისკენ’, - აცხადებს ტრამპი.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მხარეს „სამართლიანად მოეპყრობიან“ და მადლობა გადაუხადა კატარელ, ეგვიპტელ და თურქ შუამავლებს „ამ ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენის“ მიღწევაში მათი როლისთვის.
შეთანხმების დასასრულებლად მოლაპარაკებები ეგვიპტეში გაიმართა, სადაც ოთხშაბათს დილით სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ჩავიდნენ შეერთებული შტატების წარმომადგენლებად. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლები, ასევე კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის შუამავლები.
ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში, გაფართოებულ ფორმატში გაიმარტა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გეგმას „ჰამასი“ დათანხმდა.