სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ 5 პირს: ბექა მაჭავარიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს და სერგო მეგრელიშვილს პატიმრობა შეუფარდა.
საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავდა.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მანამდე, სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული 8 პირის საქმე განიხილა. სასამართლომ რვავე პირს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულებს: ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძეს.
ხოლო, ბრალდებულებს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა.
შსს-ს თანახმად, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ჯამში 35 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც ორგანიზატორები, ასევე, მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"