ჯერ ადმინისტრაციულად დამაკავეს, მერე კი სისხლის სამართლის წესით. ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი ადმინისტრაციული დაკავებისას, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა ვახტანგ ფიცხელაურმა სასამართლოზე განაცხადა.
"ჯერ ადმინისტრაციულად დამაკავეს, მერე კი სისხლის სამართლის წესით. ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი ადმინისტრაციული დაკავებისას. ბავშვის გამოსაყვანად მივდიოდი სამსახურიდან. გადამიჭრეს გზა მანქანით, სამოქალაქო მანქანა იყო, არ ეტყობოდათ რომ პოლიციელები იყვნენ. მითხრეს, რომ გადამოწმების მიზნით გავყოლოდი. თავი არ წარმიდგინეს. ბავშვს გამოვიყვან ბაღიდან და ჩემი ფეხით მოვალ-მეთქი. ერთი მწვდა, რამდენს ალაპარაკებთო. გადმომიღეს მანქანიდან, მათრიეს. წამიყვანეს. დამაყენეს 4 საათი. ჩამიყვანეს ნარკოლოგიურში. ახლა ნახავ, რა მოგივა. ოჯახის მისამართით იყო შეურაცხყოფა. სამხარაულში ვიყავით გორში. გადამიყვანეს ნარკოლოგიურში. მითხრეს, რომ მერე გამიშვებდნენ. ამიღეს ტესტი, მაგრამ არ გამიშვეს. წამომიყვანეს ისე სამხარაულში. დამაწერინეს ხელწერილი, რომ დამირეკავდნენ და გამოვცხადდებოდი. მობილური დაიტოვეს. რომ გამოვედი, სხვა პოლიცია დამხვდა და ამიყვანეს სისხლით. დამადეს ბორკილები," - განაცხადა ვახო ფიცხელაურმა. ["ტვ პირველი"]
პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.