თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ საქმეში მოწმე პოლიციელების ჩვენებები და თავად დაკავებულების საჯარო განცხადებებია მთავარ მტკიცებულებად.
მისი თქმით, ირაკლი ნადირაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„ის პოლიტიკური განცხადებები, რაც კეთდებოდა, ახლა ასახულია ორგვერდიან ბრალის დადგენილებაში, სადაც მტკიცებულებებად მხოლოდ მოწმის ჩვენებებია მოყვანილი. ჩვენი ვარაუდი გამართლდა, რომ არანაირი განსაკუთრებული სისხლის სამართლის საქმე ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს, მორიგ ჯერზე ხელისუფლების პოლიტიკური მცდელობა გვაქვს აქციის დისკრედიტაციის, მუხტის ჩახშობის.
მოწმეთა ვინაობა არ ვიცი, სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, სავარაუდოდ, სამართალდამცავები არიან. მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, მისი გადმოცემის შემდეგ გვეცოდინება, რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი. ბრალის დადგენილებას გავეცანით, გავაკეთეთ შენიშვნა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. თავად დაკავებული 5 ადამიანის საჯარო განცხადებებია თითქოს, მთავარი მტკიცებულებები ამ საქმეში“, - განაცხადა აბესაძემ.