“ჰამასი” თუ აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას უარყოფს, „სრული განადგურება“ ემუქრება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მას სრული განადგურება ემუქრება!“ - განაცხადა ტრამპმა კითხვის პასუხად, რა მოუვა "ჰამასს", თუ ის არ დათმობს ძალაუფლებას და კონტროლს ღაზაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეთანხმება მის 20-პუნქტიან გეგმას რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მალე ელის სიცხადეს იმის შესახებ, ნამდვილად ერთგულია თუ არა ჰამასი მშვიდობის მიმართ.
ტრამპმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს აკეთებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავისი გეგმის განსახორციელებლად.
მან იმედი გამოთქვა, რომ "ჰამასის" ლიდერებიც მხარს დაუჭერენ ამ გეგმას.
მანამდე, "ჰამასმა" განაცხადა, რომ მზადაა გაათავისუფლოს ყველა მძევალი.
"ჰამასმა" ასევე განაცხადა თანხმობა ღაზის სექტორის მმართველობის დამოუკიდებელი ორგანოსთვის გადაცემაზე, რომელიც დაფუძნებულია „პალესტინის ეროვნული კონსენსუსისა და არაბულ და ისლამურ მხარდაჭერაზე“.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა. მისი თქმით, ჰამასი, სავარაუდოდ, გრძელვადიანი მშვიდობისთვის მზადაა.