გუშინ საქართველოში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საარჩევნო კომისიას და თითოეულ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლინებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ყაველაშვილმა პარტია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„მადლობა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებში. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა პასუხისმგებლობას, რომ მობილიზაცია გააკეთეს ამომრჩევლის, მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სახელმწიფოს მიმართ. ვისარგებლებ შემთხვევით და არჩევნებში გამარჯვებას მივულოცავ გამარჯვებულ პარტიას, მის თითოეულ წარმომადგენელს, კანდიდატებს და წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა არჩევნების პარალელურად, გუშინ თბილისში, აქციაზე განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.
„სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობის მიმართულებით. ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ის ვანდალური აქტები, მოწოდებები. საქართველოს მოქალაქეების მაღალი სტანდარტის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები. თვალყურს ადევნებდა საზოგადოება, როგორ იქცეოდნენ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დაამსხვრიეს, დალეწეს გარშემო ღობე, ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, სადაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს სიარული. უამრავი ადამიანი, ტურისტი სარგებლობს ამ სილამაზით და როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ასეთი ძალადობრივი აქტის განხორციელება არავის უნდა ეპატიოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და მკაცრი პასუხი იქნება ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.