კიდევ ერთხელ, უმკაცრესად მოგიწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ღონისძიებას, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებებს.
„მთელი დღის განმავლობაში პროტესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებაც, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.
მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებებს. აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები“, – განაცხადა დარახველიძემ.
ამასთან, შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული.
დარახველიძის თქმით, დაშავებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. მათ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით.
„ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მიერ ჩატარდება საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.
კიდევ ერთხელ, უმკაცრესად მოგიწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ღონისძიებას“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
დარახველიძის ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.