ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე ექსტრემისტული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ექსტრემისტებს არაფერი ეშველებათ, ისინი დემოკრატიის მტრები არიან. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე ექსტრემისტული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. ჩვენ ექსტრემიზმს ვერ შევეწინააღმდეგებით ტკბილი სიტყვით, საჭიროა იმ საკანონმდებლო ინსტრუმენტების გამოყენება, რითაც ყველა ქვეყანაში ექსტრემიზმს ებრძვიან. ექსტრემისტული ორგანიზაცია ცოტა ხნის წინ გაუქმდა გერმანიაში, ერთი პარტია გაუქმდა მოლდოვაში. სახელმწიფო საკუთარ დემოკრატიაზე ზრუნავს. დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას დემოკრატიის მტრებისგან. ექსტრემისტებს არაფერი ეშველებათ გარდა იმისა, რომ კანონისმიერი პასუხი გაეცეთ. ვისაც ცრუ იმედები ჰქონდა, რომ საქართველო მარიონეტულ სახელმწიფოდ იქცეოდა, მათ დღეს საქართველოს მოქალაქეები დაანახებენ, სად არის ქართველი ხალხის ნება. ბრიუსელისთვის კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი იქნება – ერთგული არიან ჭეშმარიტი, ევროპული ღირებულებების, რაც სახალხო ლეგიტიმაციას გულისხმობს, თუ ჩაერევიან იმ პოლიტიკურ ინტრიგაში, რასაც შარშან, არჩევნების შემდეგ ვხედავდით, როცა ბრიუსელში, ზოგიერთს უნდოდა, საკუთარი მარიონეტული წარმომადგენლების ხილვა საქართველოს ხელისუფლებაში. შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი პირდაპირ ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში და როცა არჩევნებში დამარცხდნენ, შემდეგ ელჩები და უცხოელი პოლიტიკოსები ცრუ რეალობის შექმნას ცდილობდნენ. მათთვის ეს არის შანსი, ქართველ ხალხს დაანახონ, საქმე გვაქვს 21-ე საუკუნის ევროპასთან, თუ ასი წლის წინანდელ ევროპასთან. დაგვანახონ, დემოკრატია ეს არის ღირებულება და არა ლითონის სიტყვები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.