ტრამპთან შეთანხმება არ გვქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის. დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას, - ამის შესახებ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, ტრამპი მას დაჰპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობების განახლების საკითხს.
„თქვენ, თქვენი პატრონები, ატყუებთ ახალგაზრდობას, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმურები, რომ არალეგიტიმურია პრეზიდენტი, არალეგიტიმურია მთავრობა. ვინ ბრძანდებოდა ქართველი ხალხის სახელით ამერიკაში? ვინ მიიწვიეს ტრამპის ვახშამზე? ამაზე ხომ უნდა გასცეთ პასუხი. ტრამპმა მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი, სახელით და გვარით. მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი მიწვეული იყო საზეიმო ვახშამზე, ეს არის რეალობა და ფაქტი. რადიკალური ფრთის ტელევიზიები, პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდით საზოგადოებას, რომ ეს არის „ფეიკ ნიუსი“, რომ არ მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი, რომ სურათზე მიამატეს ყაველაშვილი, არ იყო შეხვედრა, არ ჰქონდა საუბარი. მე გულწრფელი ვარ და მინდა სიმართლე ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. ტრამპთან შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გასაუბრებოდა ამერიკის პრეზიდენტს და ის გზავნილი, რომელიც მე შეჯამების დროს გავაკეთე საზოგადოებისთვის, ეს არის სიმართლე. მან მიპასუხა, რომ ის აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობების განახლების საკითხს და ის დაგვიბრუნდება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იცის საზოგადოებამ, ამაზე მეტი ინფორმაცია არ არსებობს და სპეკულაციებს თავი დაანებეთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.