აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ჰამასს“ მძევალთა გასათავისუფლებლად დრო 5 ოქტომბრამდე, ვაშინგტონის დროით 18:00 საათამდე მისცა.
თავის პოსტში ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ჰამასის მებრძოლებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს ისრაელთან ბრძოლებში და რომ დარჩენილთა უმეტესობა ალყაში იყო მოქცეული და შესაძლოა განადგურებულიყო.
„თუმცა, საბედნიეროდ ჰამასისთვის, მათ უკანასკნელი შანსი მიეცემათ!“
„ახლო აღმოსავლეთისა და მიმდებარე რეგიონების დიდი, ძლიერი და ძალიან მდიდარი ქვეყნები, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ისრაელის მონაწილეობით შეთანხმდნენ 3000 წლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაზე“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჰამასს მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა მძევალი, რომლებიც 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანეს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა პალესტინელებს დატოვონ პოტენციური საფრთხის ზონა და გადავიდნენ ღაზის უსაფრთხო რაიონებში.
„ჰამასთან შეთანხმება კვირა საღამოს, ვაშინგტონის დროით ექვს (6) საათამდე უნდა იყოს მიღწეული. ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი შეთანხმებას! თუ ეს შეთანხმება, რომელიც უკანასკნელი შანსია, არ იქნება მიღწეული, „ჰამასს“ არნახული ჯოჯოხეთი ელოდება“, - განაცხადა ტრამპმა.