საჯაროდ არის გაცხადებული, რომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იგეგმება ძალადობა, ცხადია, რომ 4 ოქტომბერს ისინი გეგმავენ ძალადობას, ასევე ვნახეთ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა სოლიდარობა გამოუცხადა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ძალადობას, რაც გამაოგნებელი სკანდალია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერმა გაიზიარა პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებული ძალადობის მიმართ.
„ყველამ უნდა გაიაზროს შინ და გარეთ, რომ ნებისმიერ ძალადობაზე, რაც მოხდება 4 ოქტომბერს „ნაცმოძრაობის“ და აქციის ორგანიზატორების თუ მონაწილეების მხრიდან, პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი სპიკერის სახით, შესაბამისად ევროკავშირის საელჩოსაც, რომელსაც ამასთან დაკავშირებით რაიმე გამიჯვნა არ გაუკეთებია. ამიტომ, ყველას ვეუბნები კიდევ ერთხელ, მოხდება ერთი ფაქტიც ძალადობისა, ერთ ქვასაც გაისვრიან, აღარ ვსაუბრობ მოლოტოვის კოქტეილებზე და სხვა პიროტექნიკაზე, რომელიც როგორც ჩანს ევროპული ღირებულების ერთ-ერთი ქვაკუთხედია, პასუხისმგებელი იქნებიან ისინი, ვინც სოლიდარული არიან მოძალადეების მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო ძალიან მშვიდად და საქმიანად აკვირდება, რაც ხდება.
„ვნახეთ სხვადასხვა სქემები, როგორ იყენებენ, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებს იმისთვის, რომ შიდა ტერორისტები მოამზადონ. ყველაფერი ეს არის დაკვირვების ქვეშ. ყველა ინფორმაცია არის ცნობილი. როგორც კი იქნება ძალადობის ფაქტი, როგორც კი იქნება შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საკმარისი წინაპირობები, რა თქმა უნდა სახელმწიფო იმოქმედებს. არავის და მათ შორის არც ბრიუსელის რომელიმე ბიუროკრატს, საქართველოს 90-იან წლებში არ დავაბრუნებინებთ. თუ ასე ზედაპირულად და გულცივად უყურებენ ქვეყანას და ჰგონიათ, რომ შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკური ინტრიგებისთვის გამოიყენონ საქართველო, ამაში ძალიან მწარედ ცდება ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ თანამდებობაზე, ნებისმიერ ქვეყანაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.