პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ივანიშვილის პარტია წინასაარჩევნო პროცესში ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლას, მუქარასა და შანტაჟს აგრძელებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატი დავით მარგოშვილი სწორედ ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს სამსახურიდან.
თავაძის განცხადებით, საქმე სისტემურ დევნას წარმოადგენს და არა ცალკეულ ინციდენტს, ხოლო პროკურატურა „ოცნების“ ინტერესების მომსახურე ინსტრუმენტად გადაიქცა.
გიორგი გახარიას პარტია მოუწოდებს ამომრჩევლებს, არ აყვნენ "ქართული ოცნებისა" და ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის სტრატეგიას და აცხადებენ, რომ „ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის“.
"პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ ამხელს „ოცნების“ რეჟიმის მიერ წინასაარჩევნო პროცესში განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასა და მიმდინარე საარჩევნო პროცესებში უკანონო ჩარევებს.
კერძოდ, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ახმეტაში, დავით მარგოშვილი, ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს, ეს შემთხვევა არ არის ცალკეული ინციდენტი — ის წარმოადგენს სისტემურ დევნას. მან უკვე 1 კვირაზე მეტია მიმართა პროკურატურას, რომელმაც საქმე გადაამისამართა შსს-ში და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რითაც ფაქტობრივად უარი თქვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთარი ფუნქციის განხორციელებაზე — სამწუხაროდ, პროკურატურა თავად იქცა რეჟიმის მხარდამჭერ ინსტრუმენტად.
მიტაცებული სახელწიფო ინსტიტუტები, კვლავ „ოცნების“ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან და არა მოქალაქის თავისუფალ არჩევანს. 2024 წლის არჩევნების შემდეგ „ოცნება“-მ კიდევ უფრო დაამძიმა საარჩევნო გარემო, შეცვალა კანონმდებლობა და სრულად მოარგო საკუთარ პარტიულ მიზნებს. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა, რომ არჩევნების დასრულებისთანავე თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს თავისი მონაცემები — ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზე აისახა მისი ხმა.
სამწუხაროდ, ვერ დავმალავთ რეაქციას იმ ფაქტზეც, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები, პირდაპირ თუ ირიბად, ხელს უწყობენ „ოცნება“-ს არჩევნების გაყალბების პროცესში. თუ 2024 წელს ხელისუფლებას ამისთვის ფული და ადმინისტრაციული რესურსი სჭირდებოდა, დღეს მათ საქმეს გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები უფასოდ აკეთებენ, როცა მოქალაქეებს არჩევნებზე არმისვლას მოუწოდებენ. მანამდე კი, „ოცნების“ სტილში, ბოიკოტისტები ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე.
ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის. ჩვენი პარტია არ დაუთმობს „ოცნება“-ს ძალაუფლებას და არ დატოვებს მოქალაქეებს პირისპირ რეჟიმთან მარტო, - განაცხადა თავაძემ.