აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების ნებართვა გასცა. ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალმა კიტ კელოგმა Fox news-ის ეთერში განაცხადა.
შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ტრამპის პოზიცია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება, კელოგმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ მისი ნათქვამის და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის შემდეგ, პასუხია „დიახ“, გამოიყენეთ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა“.
მან ასევე დასძინა,რომ ამ მხრივ ხელშეუხები ადგილები არ არსებობს.
შემდგომ კითხვაზე, აქვთ თუ არა უკრაინულ ძალებს ამერიკული იარაღის ამ გზით გამოყენების ნებართვა, კელოგმა უპასუხა: „ხან აქვთ ნებართვა, ხან არა“.
„მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა შეასრლოს პრეზიდენტის ბრძანებები. ის კონსტიტუციის თანახმად, მთავარსარდალია და ყველა მას უნდა დაემორჩილოს. თუ პრეზიდენტი მარცხნივ წავა, შენც მარცხნივ წახვალ. თუ ის გეტყვის, მარჯვნივ წადი, შენც მარჯვნივ წახვალ. ასეთია პრეზიდენტი... ამიტომ, როდესაც პრეზიდენტი გვეუბნება, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უბრალოდ უნდა გავაკეთოთ ეს“, - თქვა კელოგმა.
მან გაიხსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრის დროს კიევისთვის 2500 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა მოითხოვა. სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხს განიხილავს.