2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის , - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს.
„სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება და ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე. ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი. უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი, სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.