ჩვენ გამოვიყენეთ ყველა სხვა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, საჯაროდ მოწოდების, განმარტების, მაგრამ ვხედავთ, რომ, ზოგ შემთხვევაში, ეს არ ჭრის. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამ დიპლომატიური ზომის გამოყენებაც, ელჩის დაბარება, რათა მათთვის აეხსნათ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არავინ უნდა დაარღვიოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ყველა უნდა დაემორჩილოს წესებსა და კონვენციებს.
„ეს მოწოდებები არ მოქმედებს ერთი მიმართულებით. ყველა უნდა დაემორჩილოს წესებსა და კონვენციებს, ამ შემთხვევაში, ვენის კონვენციას. სამწუხაროდ, ეს ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან აბსოლუტურად უგულებელყოფილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადებაც ვნახეთ. პეტერ ფიშერს აუხსნეს, რას ნიშნავს ვენის კონვენცია, 41-ე მუხლი, ჩარევის რა მაგალითები მიაწოდეს. ასევე გუშინ პეტერ ფიშერის, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავიგეთ, თითქოს დეზინფორმაცია, ცრუ ნარატივებია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად აქვს მოთხოვნილი გერმანიის მხარისგან, რომ ცრუ ნარატივის, დეზინფორმაციისა და თავდასხმის მაგალითები დაასახელონ. დღემდე არ მიუღია განმარტება და მაგალითები ამასთან დაკავშირებით. როგორც ვხვდები, მათ შორის დაბარებისას, შეხვედრაზეც ეს მაგალითები არ დასახელებულა. გახსოვთ, ერთი პერიოდი, ფაქტობრივად, ტერმინი აღქმები როგორ იყო პოლიტიკურ ლექსიკონში, თითქოს აღქმები განსაზღვრავდა ყველაფერს. შეიძლება ნებისმიერი რამ თქვა, რომ გაქვს აღქმა, ვიღაც იტყუება, რომ ვიღაც რაღაცას აკეთებს და ეს ნიშნავს, რომ მტკიცებულება არ გჭირდება, რადგან ერთადერთი შენი ილუზიები, წარმოსახვა არის მტკიცებულება? ჩვენ ეს ტერმინი მოვკალით ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში და დავუპირისპირეთ ფაქტები. დღეს ვეღარავინ ბედავს, ისაუბროს აღქმებით არგუმენტების გარეშე. ყველას ვთხოვთ ფაქტებს.
ჩვენ როცა ვსაუბრობთ ექსტრემიზმის წახალისებაზე, ვამბობთ კონკრეტულ მაგალითს. პეტერ ფიშერთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითი მოვიყვანეთ. კერძოდ, არსებობს დაჯგუფება, რომელიც მიუვარდა მცირეწლოვან შვილთან ერთად მყოფ ქალ დეპუტატს, მიაყენა შეურაცხყოფა, ეძახა მონა. მეორე დღეს კიდევ გამოვიდნენ და ამას სკანდირებდნენ ქალი დეპუტატის მიმართ, რომელიც არასრულწლოვან ბავშვთან ერთად იყო. ინციდენტის შემდეგ პეტერ ფიშერი ამ დაჯგუფებას შეხვდა, გადაიღო ფოტოები, დადო „ტვიტერზე“ და თქვა, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს მომავალი. ახლა უნდა პეტერ ფიშერს, უნდა მის რომელიმე გულშემატკივარს თქვას, რომ ქალ დეპუტატთან მივარდნა, რომელიც არასრულწლოვან ბავშვთან ერთად არის, დეჰუმანიზაციის მიზნის მქონე ტერმინოლოგიით თავდასხმა, შეურაცხყოფა, მონას ძახილი არ არის რადიკალიზმი. მაშინ მოიყვანონ არგუმენტი. მეორეც, ამ ადამიანებს რომ ხვდები და ამბობ, ესენი არიან საქართველოს მომავალიო, ეს რადიკალიზმის წახალისებაა. ველოდები გამოხმაურებას ამასთან დაკავშირებით. შეურაცხყოფა, თავდასხმა არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ეს არის პასუხი. ვნახეთ საელჩოების განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ეს არ არის სიმართლე. საბავშვო ბაღი არ არის, რაღაც თუ არაა სიმართლე, უნდა თქვა არგუმენტი. ჩვენ ვამბობთ, რომ შემთხვევები არის რადიკალიზმის წახალისების, როგორც, მაგალითად, ევროკავშირი აფინანსებს ადამიანს, გვარი აღარ მახსოვს, ვაი-ფაი გავხსენი და მიხარიაო, გუშინ რომ თქვა ელჩმა, ევროკავშირი ხელფასს უხდის ადამიანს, რომელიც პოლიტიკური მკვლელობისკენ მოუწოდებს, დასცინის, აგდებულად საუბრობს გარდაცვლილი პოლიტიკოსის სიკვდილზე. ამას რომ აფინანსებს, ეს არის რადიკალიზმის წახალისება. ევროკავშირის ფული მიდის იმ ჯგუფების არსებობის უზრუნველყოფაში, რომლებიც დეჰუმანიზაციას ახდენენ საკუთარი ოპონენტების, რომლებიც პოლიტიკური მკვლელობისკენ, დამხობისკენ მოუწოდებენ. წარმოიდგინეთ, საქართველოს ელჩი შეხვდეს ყვითელი ჟილეტების ლიდერს, „ანტიფას“ ლიდერებს, გერმანიაში „რაიხსბიურგერები“ რომ ჰქონდათ ორგანიზაცია, მის ლიდერებს. არათუ შეხვდეს, შემდეგ ფოტო გადაიღოს და თქვას, რომ ესენი არიან მომავალი. ქართველ ხალხს ნურავინ მიიჩნევს სულელად. ასე ელაპარაკონ სხვებს. ქართველ ხალხს თუ ეუბნებიან, რომ რაღაც არ არის სიმართლე, კეთილი ინებოს ყველამ და მოიტანოს არგუმენტი. არგუმენტების გარეშე ხელის აქნევა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ, 24 სექტემბერს დაბარებული იყო საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. დღეს კი საგარეო უწყებაში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი.