გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, „მეღვინეობა კაჭრეთის“ საწარმო დაათვალიერა.
კომპანია საქართველოში ფრანგული კონიაკის „NAPOLEON“ წარმოებას იწყებს.
„დღევანდელი დღე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ისტორიულია. საქართველოში იწყება კონიაკის ჩამოსხმა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან პირველად არის მოცემულობა, როდესაც საფრანგეთის გარეთ ხდება კონიაკის ბრენდის გატანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობის და მეგობრობის შედეგი, რომელიც საფრანგეთს და საქართველოს შორის არსებობს; მოგეხსენებათ, რომ კონიაკის ისტორია საქართველოში მე-19 საუკუნიდან იწყება. 1888 წელს, დავით სარაჯიშვილმა პირველად ჩამოასხა საქართველოში ბრენდი კონიაკი. დავით სარაჯიშვილი საფრანგეთში სამწლიანი სწავლების შემდეგ ჩამოვიდა და კონიაკის ისტორია საქართველოში სწორედ აქედან დაიწყო; შემდგომში გავიდა სომხეთში და აზერბაიჯანში. ეს ტრადიცია, რომელიც, ფაქტობრივად, საუკუნე ნახევარია მოგვყვება, დღეს კიდევ ერთხელ აღდგა. ეს არის დიდი შრომის და დიდი ნდობის შედეგი. ეს არის, პირველ რიგში, ნდობა პარტნიორობის მიმართ, ნდობა ქვეყნის მიმართ, ნდობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მიმართ. საქართველო, ფაქტობრივად, არის რეგიონში მშვიდობის კუნძული და ზუსტად ეს განაპირობებს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რომ კონიაკი გამოდის საფრანგეთის გარეთ. რა თქმა უნდა, ეს თქვენი დამსახურებაა, ბატონო პრემიერო; დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის. მშვიდობა უზრუნველყოფს შესაძლებლობებს ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ბიზნესისთვის აქამდე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, დღეს შესაძლებელი გახდა. მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო კარიჭაშვილების ოჯახს, მადლობა გადავუხადო კაჭრეთის ღვინის მარანს, ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის. დღევანდელი ფაქტი მნიშვნელოვანი მაგალითია, თუ რა მოაქვს ქვეყნისთვის მშვიდობას, რა მოაქვს ქვეყნისთვის სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და იმ საინვესტიციო გარემოს, რომელსაც ამ ქვეყანაში „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.